четверг, 18 декабря 2008 г.

მერკური-ლიტერატურული ჟურნალი

სამტრედიის №2 საჯარო სკოლის
ლიტერატურული ჟურნალი

დევიზი:
,,მედგრად გავუძლებთ მზის ბრწყინვალებას და არასოდეს დავიფერფლებით“


2008წელი



რედაქტორი VII კლასის მოსწავლე ეკა ბოხუა
ლიტერატურული ხელმძღვანელი ლია თევზაძე
სკოლის დირექტორი თეა კარტოზია
საწავლო ნაწილის გამგე დარეჯან კინწურაშვილი
საინფორმაციო მენეჯერი ვერიკო ჯიჯელავა




აქედანა და შენამდე
,,შევძლებ კი ჩემი ეზო-კარის, ახლობლების, მეგობრების, სამშობლოს გარეშე არსებობას?“ ეს აზრი გიბურღავდა გულს და გონებას, ზღვის ტალღებს ჩაციებით გაჰყურებდი და იქედან ელოდი, თითქოს, ამკითხვაზე პასუხს. ვინ ხარ შენ? აწ უსამშობლოდ, უცხოობაში მყოფი კაცი, გეღირსება კი ოდესმე ისევ დაადგა ფეხი მშობლიურ მიწას? ...იქცევი კი სწორად? მართალ ნაბიჯს დგამ, თუ არა? გარბიხარ, იპარები შენი ქვეყნიდან. არა, არა ხარ მართალი- გპასუხობს შინაგანი ხმა. შენ თუ კაცი ხარ, შენი ხალხის ჭირი და ლხინი უნდა გაიზიარო, შენ კი გარბიხარ, საით?...სად გელიან, სად მიდიხარ, ბიჭო?! რა აზრი აქვს შენს უაზრო მსხვერპლს? იქნებ, იქედან გინდა უფრო მიეხმარო შენს მამულს, შენს ხალხს, შენს ოჯახს, რომელსაც აქ ძალიან უჭირს. არა, არა და არა, ეს მხოლოდ თავის გამართლების მცდელობაა, ეს შენც იცი და ამით მხოლოდ შენს გულს ეურჩები, რადგან თუ კარგად მოინდომებ, აუცილებლად გამონახავ შენს ქვეყანაშიც შენს საკეთებელ საქმეს, საქმეს, რომელიც ხალხსაც და შენს ოჯახსაც სარგებელს მოუტანს. ...უცხო ქვეყნის პორტი და უცხო ხალხი გარშემო, რას მოგიტანს ხვალინდელი დღე?
,,აგერ თითქოს ქართველს ჰგავს, (აუ, როგორ მომნატრებიხარ ასე უცებ, ჩემო ქვეყანავ!) არა ისეთი სევდიანი თვალები მარტო უცხოეთში მყოფ ქართველს შეიძლება ჰქონდეს... მე ფიზიკურად ვარსებობ აქ უცხოეთში, სული კი იქ არის, ჩემს სამშობლოში...აქედან და შენამდე ძალზე მცირე მანძილი ყოფილა. მაგრამ ამასთან უსაშველოდ დიდი. იქედან არ უნდა წამოვსულიყავი, კურთხეული მიწა ხომ ჩემთანაა!...ღმერთო, უშველე ჩემს საქართველოს!“-ფიქრობ შენ და მართალიც ხარ.
მე მჯერა, რომ ყველა ქართველი მალე ისევ საქართველოში დაბრუნდება. ჩვენი საქართველო დაიბრუნებს ძველ დიდებას და ხალხიც ბედნიერი იქნება. მეზობელი დიდი სახელმწიფოები ჩვენ ვერასოდეს დაგვჩრდილავენ, მათი მცხუნვარების ქვეშ ჩვენ არასოდეს დავიფერფლებით. პირიქით, უფრო გავბრწყინდებით, უფრო გავიზრდებით და მალე სხვა ქვეყნებიდანაც უფრო ინტენსიურად ჩამოვა ხალხი აქ სამუშაოდ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენ, ახალგაზრდობამ უნდა შევძლოთ ნარეკლიან გზაზე გავლით ქვეყანა, სამყარო მომავლისაკენ მოვაბრუნოთ. შეუძლებელი არაფერია მისთვის, ვისაც ნებისყოფა აქვს. ჩვენ ხომ ვარსებობთ, ვაზროვნებთ და ეს უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
აქ, ამ მიწაზე, ფუძეზე დგომით, მრავლობდა და ნაშენობდა ჩვენი ბრძენი, ამაყი, ზოგჯერ კი თავმდაბალი ქართული ტომი.
სახელოვანი ერის შვილებს, გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს, რათა გავუსწროთ მამებს, მაგრამ ეგ არაფერი.... მტერ – მოყვარეს არ ვათქმევინებთ კარგი მამის ჯაბანი შვილიაო!
არაფერი?!... როგორ, განა შეიძლება ამის თქმა?!
არაფერი... ან ყველაფერი, არაფერი ან პირველობა, ჩვენ ხომ ეხლა ამ გზას ვადგავართ, ჩვენ ხომ გვაქვს პრეტენზია პირველობაზე.
ორი ათასი წელიწადი ზედ დაგვცქერის ჩვენ. შერცხვეს ის თაობა საქართველოში , რომელიც ვერ შეიგნებს ამ ორი ათასი წლის სიმძიმეს ან უარი უნდა თქვათ ქართველობაზე.
ჩვენო ერო! ნუ გეშინიათ ნურაფრის, გახსოვდეს ჩვენ ახალგაზრდები, ჩვენი ერის ტანჯვის ჩირაღდნით განათებულნი, არ გიღალატებთ...
მე, როგორც პატარა ქალაქ სამტრედიის მკვიდრს, მჯერა, რომ ჩემი ქალაქიც არ დაიფერფლება ჩვენი სამშობლოს დიდი ქალაქების- თბილისის, ქუთაისის მცხუნვარებით და აქაც დიდი მჩქეფარებით გაჩაღდება ცხოვრება. არც ჩვენ, პატარა სამტრედიელები, არ დავიფერფლებით ცნობილი სკოლების მცხუნვარების ქვეშ და ჩვენს სათქმელს ამ ჟურნალით მოგახსენებთ. ჩვენ ვსწავლობთ პატარა ქალაქ სამტრდიაში, მაგრამ ჩვენს სკოლაში ისეთი პედაგოგები გვასწავლიან, რომ დიდი ქალაქების, დიდი სკოლების მოსწავლეებსაც შეშურდებათ. აქ მიღებული განათლებით არა ერთმა პიროვნებამ გამოიჩინა თავი ქვეყნის მაშტაბით. მჯერა, ეს ჩვენი ჟურნალიც ამის დასტური იქნება.
რედაქტორი VII კლასის მოსწავლე 12 წლის ეკა ბოხუა


ჟუჟუნა, წკაპუნა,შხაპუნა, დოქისპირულა და კოკისპირულას
ამბავი
იყო ხუთი მეგობარი: ჟუჟუნა, წკაპუნა, შხაპი, დოქი და კოკა. ალბად მიმიხვდით ხუთივე წვიმის წვეთი იყო. ყველას ძალიან მოსწონდა თავისი სახელი და ხშირად დაობდნენ, მე უფრო ლამაზი სახელი მქვიაო. ჟუჟუნამ ბრძანა: მე მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია და სულ წკაპუნით მოვდივარ.
შხაპუნამ ბრძანა: ჩემს გამოჩენაზე ბავშვები სულ გარეთ გამორბიან და სიხარულით მეგებებიანო.
კოკისპირულამ ბრძანა: თუ სადმე მდინარეა ადიდებული, ყველა ჩემი დამსახურებააო.
უეცრად ძლიერი ჭექა-ქუხილი გაისმა,შემდეგ გრგვინვაც დაერთო და ხუთივე მეგობარი გაიტრუნა.
ცა გაიხსნა და განრისხებულმა ღრუბელმა გადმოსძახა:განა არ იცით თქვენი საქმე, ტყუილად რატომ ცდებით? მეგობრებს შერცხვათ და მაშინღა დაიშალნენ. ჩვენ ხომ ღრუბლის გარეშე ვერც დავიჟუჟუნებთ, ვერც გავწკაპუნდებით, ვერც ავშხაპუნდებით. დოქისპირული და კოკისპირული წვიმაც ხომ ღრუბლის სურვილზეა დამოკიდებული.
უეცრად ცისარტყელამ გამოანათა. მეგობრები ცისარტყელის ფერებს ამოეფარნენ.

სამტრედიის N2საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლე ბელა ნუცუბიძე


გაცნობა წვიმიან დღეს
მთელი დღე წვიმდა. ეკლესიაში წირვისა და გალობის ხმა ისმოდა. ეკლესიაში მყოფნი მღვდლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იმეორებდნენ და პირჯვარს იწერდნენ. მხოლოდ ერთი ფერმკრთალი, ლამაზი და ცისფერთვალება გოგონა იყო ხალხისაგან გამოყოფილი და მუხლმოდრეკილი ჩუმად ლოცულობდა. მას ხელში ანთებული სანთელი ეჭირა და ხელი უკანკალებდა.ის დილიდან ტაძარში იყო და ყოველდღე ადრე მოდიოდა. უეცრად ეკლესიაში შემოვიდა მაღალი, შავთვალება, ჯინსებში ჩაცმული ბიჭი. ცხვირი მაღალყელიან ზედაში ჩაეყო და თავზე ტყავის ქუდი ეხურა. ეტყობოდა, წირვაზე დააგვიანდა და ამიტომ სწრაფად აანთო სანთელი და შეუდგა ლოცვას.
მღვდელმა წირვა დაამთავრა და მრევლი დალოცა.
ახლადშემოსულმა ბიჭმა მხოლოდ ახლა შენიშნა განმარტოებით მდგარი გოგონა. გულში რაღაც უხილავმა გრძნობამ გაუელვა და გოგონასთან მივიდა.
გაოცებულმა გოგონამ მიაპყრო დიდრონი თვალები ვაჟს.
____ თქვენი სახელი თუ შეიძლება?
___ ჩემი? ჩემი სახელია სალი.
___ ჩემი კი ზაზა.
ზაზამ სალის ხელი მოჰკიდა, ფეხზე წამოაყენა და გაეცინა.
____ასე მგონია ერთმანეთთან რაღაც უხილავი ძალა გვაკავშირებს.
____არა მგონია, მე თქვენ არ გიცნობთ!
___შეიძლება, რაღაც გითხრათ?
-____რატომაც არა?!!
___მინდა გითხრა, რომ შენ, სალი, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს.
___დიდი მადლობა.მაპატიე, ძალიან მეჩქარება,უნდა წავიდე.
___კარგი ,წადი, მაგრამ შემპირდი, რომ ხვალ აქ ისევ მოხვალ.
___დიახ, ხვალაც მოვალ, - თქვამ სალიმ და წავიდა .
მთელი ღამე ზაზა სალიზე ფიქრობდა , სალი კი ზაზაზე. მართალია , მათ დღეს გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ, მგონი, ეს გაცნობა დიდ გრძნობაში გადაიზარდა.
მეორე დღეს, სალი და ზაზა კვლავ ტაძარში შეხვდნენ ერთმანეთს. ლოცვის შემდეგ ქალი-ვაჟი ყვავილების მაღაზიაში შევიდა. ზაზამ ორი ულამაზესი ვარდების თაიგული ამოარჩია .ერთი სალის უძღვნა, ხოლო მეორე კი თავად დაიტოვა . ზაზა და სალი მანქანაში ჩასხდნენ. მანქანა დაიძრა. არცერთს ხმა არ ამოუღია. მანქანა მიუახლოვდა ნაძვნარში ჩაფლულ სასაფლაოს.
___აქ რა გვინდა? იკითხა სალიმ.
___წამოდი!
ორივე მიუახლოვდა ახალგარზდა გოგონას ლამაზ საფლავს. ზაზას თვალებიდან დიდრონი ცრემლები წამოსცვივდა და საფლავზე ვარდთა თაიგული დადო.
___ეს, სალი ჩემი შეყვარებული იყო. მას მანქანა დაეჯახა და მოკვდა. იცი? მასაც სალი ერქვა? როცა კვდებოდა შემევედრა, რომ ჩემი გულის სწორი მის საფლავთან მიმეყვანა.
უცებ წვიმა წამოვიდა. ქვაზე დახატული ლამაზი გოგოს თვალებზე წვიმის წვეთები მარგალიტებად დაეკიდა.
ბევრი ტირილის შემდეგ ზაზა და სალი ჭიშკრისაკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.
ჭიშკართან ზაზამ სალი შეაჩერა და უთხრა:
___კარგია შენ რომ გიპოვე. არ მეგონა თუ ვინმე ცხოვრების გზისკენ მომახედებდა. ალბად, ეს შეხვედრა ჩვენი ბედისწერა იყო. ჩემთვის მთავარია ჩემთან შენი ყოფნა. სალი , ძალიან გთხოვ , უარს ნუ მეტყვი. მინდა გავბედო და გითხრა : „მე შენ მიყვარხარ“... და თვალი თვალში გაუყარა.


XIა კლასის მოსწავლე ლელა თევზაძე

ჩემი მეგობარი
მე უამრავი ამხანაგი მყავს, მაგრამ მეგობარს რაც შეეხება ერთი...ახლა მასზე არ მინდა თქვენთან საუბარი. მე ჩემს ოთხფეხა მეგობარზე, სახელად ,,რიჟიკაზე“უნდა გესაუბროთ.
სახელიც განსაკუთრებული ჰქვია და შესახედაობითაც მაშინვე თვალში მოგხვდებათ მისი უცნაური წითელი ფერის გამო. იგი ლამაზი,ჭკვიანი, ნებიერი ოთხფეხია...ნებიერია მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ კიდევ პატარაა, სულ რვა თვისა . ძაღლებზე კი ამბობენ, რომ რვა თვისა ჯერ ლეკვია, უჭკუო ლეკვი, რომელიც პატარა ბავშვივით დახტის, ხშირად იპარავს კარებთან ფეხსაცმელებს, ცოცხს, იატაკის ჯოხს, და თქვენ წარმოიდგინეთ მეზობლის ქოლგასაც
კი... მე იგი მაინც მიყვარს.მარტო ის რად ღირს სკოლიდან ზოგჯერ უხასიათოდ დაბრუნებისას რომ მხიარულად შემეგებება და დამსვრის კიდეც, შეჰყეფს, შემოივლის მთელ ეზოს და ისევ ჩემთან გაჩნდება... ჭამის დროს
დასკუპდება ჩემი სამზარეულოს კარებთან და ქვევიდან ამომძახებს:
_ჰავ, ჰავ,მეგობარო! რატომ აყოვნებ?! ჩქარა მეც გადმომიგდე ერთი ნაჭერი, ან თუნდაც ძველი მჭადის ნატეხი, თორემ შიმშილით მოვკვდი პატარა ძაღლიო.
ყველაფერი, ყველაფერი და ,მიუხედავად იმისა, რიმ ხშირად მაბრაზებს, იგი მაინც ჩემი განუყრელი და საყვარელი მეგობარია...
გიკვირთ?! - ეხ, მერე რა, რომ ძაღლია ?
ძაღლებსაც (ზოგჯერ სამწუხაროდ ადამიანებზე მეტად) შეუძლიათ იყვნენ ერთგულები-ანუ მეგობრები.
VII კლასის მოსწავლე ეკა ბოხუა

წვიმა
ჩანახატი
ისეთი დილა გათენდა, თითქოს არ უნდა გაწვიმებულიყო. ძალიან ცხელოდა, მერე ლურჯ ცაზე გუნდ-გუნდად წამოვიდა ღრუბლები, რომლებიც ლამაზ ფიგურებს ხატავდნენ ცაზე, მერე მზეც დაიფარა და წვიმა წამოვიდა, გააგრილა ირგვლივ ყველაფერი. მიწას ოხშივარი აუვიდა, წვიმის წვეთები ხმაურით ეცემოდნენ სახურავებს.
წვიმის წვეთებმა თითქოს სული გააფხიზლეს. გარეთ გამოვედი და ხელებგაშლილი ვუშვერდი მკლავებს წვიმას. სარაფანი ტანზე მიმეტმასნა, თითქოს მეც საზრდოს ვღებულობდი ისე, როგორც მცენარეები. აკი უთქვამთ კიდეც ,, 9 მაისის წვიმაო - თმები კოჭამდინაო.“
და დაიბანა მზემაც პირი, გამოფხიზლდა ადამიანები, სული მოითქვა მცენარეებმა და მიწამ. ბავშვები ტყეში შევედით მაყვლის საკრეფად. მერე წვიმის წვეთები ვიგრძენი ტანზე. ბავშვები ავხმაურდით, დიდ ხეს შევეფარეთ, წვიმა კი გადაღებას არ ფიქრობდა. მერე გრგვინვაც დაიწყო. დიდი კაკლის ხე უკვე ვეღარ გვფარავდა. მართალია არ მციოდა, მაგრამ თითქოს მეშინოდა. ნელი, აუღელვებელი ნაბიჯით მივდიოდი წვრილ ბილიკზე. უცებ შევჩერდი, უცნაური აღელვება ვიგრძენი, დავიხედე და...დავინახე ფოთოლი. მასში იგრძნობა ბუნების ძალა, ფოთოლი ხომ, თითოეული ხის ნაწილია. დავიხარე, ავიღე – ეს პაწაწინა და სათუთი არსება. ფოთოლი - ადამიანის თვალს მივამსგავსე, რომელსაც ნატანჯი გამომეტყველება ჰქონდა, ოქროსფრად იყო მორთული თვალების გარსი. დიდხანს, დიდხანს ვერ ვაშორებდი თვალს, თითქოს მის ლაპარაკს ვგრძობდი და ვხვდებოდი, იმასაც რომ მას ჩემგან უნდოდა მიეღო ის სიყვარული, რომელიც აქამდე ასე ძლიერ აკლდა. ეს სევდა გამოწვეული იყო იმისგან რომ, იგი თავის დედას – ხეს მოშორდა.ჩემს გულში ოცნების ტევრი დაეცა, შემეცოდა ძლიერ ფოთოლი . უცებ მან სევდიანი ღიღინიც კი წამოიწყო: „ მე ხომ ნორჩი ფოთოლი ვარ, ხეს მოვწყდები სევდიანად და ვეშვები მიწისკენ.... ჩემი დედა არის ხეო, მას არ მინდა დავშორდეო“ ეს რომ თქვა, ცრემლები წამოგვცვივდა მეც და მასაც, მე ვიფიქრე-რა კარგია ფოთოლი რომ არ ვარ-მეთქი და ძალიან შემეცოდა სითბოსა და სიყვარულის გარეშე, სევდის ამარა დატოვებული და მიგდებული ფოთოლი.. უკან წვიმაში წამოვედით, გზა და გზა მაინც ვკრეფდით მაყვალს. ტყის ბილიკით არ მოვდიოდით, უფრო ბალახს მოვყვებოდით , ფეხზე ტალახი რომ არ მოგვდებოდა.
ბავშვები ჟრიამულით მივდიოდით ხმამაღლა ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, გვიხაროდა, რომ არავინ გვიშლიდა ტყეში სიარულს.
წვიმამაც თითქოს ბოლოჯერ გაიბრძოლა, წვიმის წვეთები გადმოაყარა დედამიწას და შეჩერდა. შეჩერდა და დაგვიტოვა ფოთოლზე დარჩენილი წვიმის წვეთები, რომლებიც მზის გამოსვლისას ბრილიანტებივით კიაფობდნენ.

VII კლასის მოსწავლე12 წლის ეკა ბოხუა


გზა სიარულმა დალია
მართლაც რომ სიარულმა დალია გზა, გზა სიცოცხლისა, თითქოს უნდა გიხაროდეს რომ გაიარე გზა, შენი მისია შეასრულე, მაგრამ არა .გენატრება ,რომ ეს გავლილი გზა კიდევ გაიარო. როგორი ეკალ-ბარდითაც არ უნდა იყოს იგი გასავლელი,მაინც გინდა რომ გაიარო, თითქოს ვერ ძღები სიცოცხლით, დაიღალე მაგრამ გულის სიღრმეში კიდევ გინდა, რომ ბევრი გქონდეს გასავლელი.თუმცა ასეც ხდება ხშირად- გულს გონება არ ემორჩილება. გეამაყება, რომ ეს განვლილი გზა გაიარე და რა ბედნიერი ხარ მაშინ ,როცა შენი განვლილი გზა შენი სიმდიდრეა. გეამაყება, უკან მოხედვის არც გეშინია და არც გრცხვენია.
და აქ შენ დაიბადე, გაიარე პირველი ნაბიჯები და მას შემდეგ მოდიხარ, მოდიხარ ასე გაუთავებლივ, თითქოს აღარ დასრულდება ეს გზა ,მაგრამ არა, შენ წარმოიდგინე ის უკვე დასრულდა.... შენ წარმოიდგინე ის გზა სიარულმა დალია.
და ბედნიერია ის ,ვისი ცხოვრების გზაც შინაარსიანმა სიარულმა დალია.

VII კლასის მოსწავლე12 წლის ნინო აფრიდონიძე






დაკარგული მშვენება
გზა მშვიდობის!
ისევ გეტყვი გამარჯობას!
სულით დაღვრემილს!
ვერ შემაჩერებს მოუსვლელობა!
ჩემი ალალი სული მეძახის, შენკენ და შენკენ!
შენ ხარ საუნჯე, ჩემი ცხოვრების, მოუსვლელობის,
მოვა დღე- წამი, მოვალ და მოვალ,
გადავეხვევი ჩემს ულამაზეს მიწის თბილ კერას,
ვერ შემაჩერებს სულით ბოროტი არსება მტრების,
მე ვარ ამ მიწის შვილი და დაკარგული
მშენიერება!
IX ბ კლასის მოსწავლე
ნინო ჯანელიძე

სევდა
„დამწუხრებული და დატანჯული
ჩემი გულია , ვინ იგებს ნეტავ?
გარედან ჩანს, რომ მუდამ ვიცინი,
მაგრამ ჩემს გულში ბევრია სევდა.
მე ვის გავანდო ჩემი ტკივილი,
გვერდში არა მყავს მე არვინ „დედა ''.
რად გამაჩინე ამ ქვეყნად ნეტავ?!...
თუ ქვეყანაზე მელოდა სევდა!
სევდით ტანჯული დავიარები
აბა, სხვა რაში მქონია ბედი?...
სულო ტანჯულო, სევდა მაკმარე,
და სიხარული ამ გულს ასწავლე!
გახარებული, როგორც მე მინდა,
ერთი წუთითაც მამყოფა ნეტავ!
რა ბედნიერი ვიქნები მაშინ,
შენ შეაფასე „დედა“.....

Xა კლასის მოსწავლე
თეონა გრიგოლია.



ცხოვრება
ეს ცხოვრება ერთი წვრილი ბილიკია,
უამრავი პიროვნება მიჰყვება,
ზოგი იღლება,
ზოგი იქცევა,
ზოგნიც ამ ბილიკს მაინც მივყვებით,
მაგრამ ოდესმე ამ ბილიკზე ჩვენც წავიქცევით!

Xა კლასის მოსწავლე
დვალიშვილი ზურა.


სადღეგრძელო

ეს გაუმარჯოს პირველ გაზაფხულს,
ყვავილის სურნელის პირველ შეგრძნებას,
აყვავებულ ხეს, აყვავებულ ბუჩქს,
მშობლიურ გრძნობის პირველ შეგრძნებას !
ეს გაუმარჯოს პირველ ნაბიჯებს,
ფეხქვეშ შეგრძნებას სამშობლოს მიწის.
დე, გაუმარჯოს იმ პირველ სიტყვებს,
რომელიც მოჰგავს მერცხლების ჭიკჭიკს.
ეს გაუმარჯოს პირველ სექტემბერს
და მასთან პირველ მოწაფეობას,
პირველ წარმოთქმულ ,,მასწავლებელოს,“
ყველას წინ მოხდილ მოვალეობას!
ეს გაუმარჯოს პირველ ოცნებას,
განავარდებას მტრედების ფრთებით,
ჩვენი სამშობლოს ფეხით შემოვლას
დატკბობას ლაღი მდინარეებით!
ეს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს,
თეთრად გათეულ უძილო ღამეს,
სხეულში გაჩენილ ტკბილ-მწარე ნაღველს!
ეს გაუმარჯოს პირველ უმანკო
კოცნას, უბიწოს, განა ვნებიანს.
და ნაპერწკლიანს ცეცხლად ანთებულს,
ოდნავ მღელვარეს ,განა ბნედიანს!
ეს გაუმარჯოს პირველს ყველაფერს,
რაც ცხოვრებაში მონაგონია,
თუ პირველ გრძნობას შეინარჩუნებ,
არ იკარგები, გამიგონია.

სამტრედიის N2საჯარო სკოლის 8ა კლასის მოსწავლე ბელა ნუცუბიძე


დედა!

დედავ, რამდენი უძილო ღამე
შენს ჩემს აკვანთან გითენებია,
რამდენი დარდი და მწუხრება
ჩემი გულისთვის გადაგხდენია.
ო, რა ტკბილია ეს სიტყვა ,,დედა“,
რაოდენ გრძნობით არის გამთბარი.
ამაზე ლამაზ სიტყვას ვერ ჰპოვებ,
თუნდ შეაჯერო ქვეყანად მთა-ბარი.
თუნდაც მეძინოს, ძილშიაც მესმის
ხმა შორეული, როგორც ზღაპარი,
თუნდ უკუნეთში მივაბიჯებდე
გზას გამინათებ, როგორც ლამპარი.
დედაა ჩემთვის ტკბილი ოცნება,
დედაა ჩემთვის ტკბილი სიზმარი,
დედაა ქვეყნად პატიოსნება,
დედაა ქვეყნად დიდი ლამპარი.
დედაა გრძნობა სიყვარულისა,
დედა თასია სიკეთით სავსე,
დედაა ღვინით სავსე ფიალა,
შესვი მოშუშდეს ყველა იარა,
მოგეხსენებათ ძვირია ოქრო,
უფრო ძვირი კი დედის ალერსი,
ათიათასად ოქრო დაფასდა,
ასიათასად მშობლის ალერსი.

სამტრედიის N2საჯარო სკოლის 8ა კლასის მოსწავლე ბელა ნუცუბიძე







დავით აღმაშენებელი
ცხრა საუკუნეა რაც ჩვენგან წახვედი, დავით,
შენსავით საქართველო ვერავინ მართა, დავით ,
შენ იყავ საქართველოს უკვდავი ფარი და ხმალი
შენით იამაყებს მუდამ ქართველი ხალხი.
შენ რომ წახვედი ,დაეცა საქართველო, დავით,
კვლავ ააყვავა შენმა შვილთაშვილმა, დავით,
აღმაშენებელი შეგარქვა საქართველომ, დავით,
მუდამ დარჩები აღმაშენებელი დავით.

IX კლასის მოსწავლე 14 წლის კაცაძე ეთუნა



ქართველი ერი


ქართველი ერი, ძირძველი ერი,
ის პოეზიით არის მდიდარი,
საქართველოში იყო და არის
სახელგანთქმული ბევრი მწერალი.
მიუხედავად იმ სისხლის ღვრისა,
მიუხედავად ქართველთ ტანჯვისა,
ქართველი ერი, ძირძველი ერი
კვლავ ფეხზე დადგა და აღორძინდა.
ეს ერი არის ქრისტეს მორწმუნე,
მუდამ ქრისტე სწამთ და ეწამებათ.
ქრისტეს გულისთვის ქართველი ხალხი
თავსაც წირავდნენ ყველანი ერთად.
ქრისტე ეწამა ხალხის გულისთვის
და ჩვენც ვეწამოთ ქრისტეს გულისთვის.

IX კლასის მოსწავლე 14 წლის კაცაძე ეთუნა


სიცოცხლე ერთი წამია

რა ლამაზია სიცოცხლე,
მაგრამ ხანმოკლე წამია.
სიცოცხლისათვის მებრძოლი
ღმერთისთვის დიდი კაცია.
სიცოცხლე ერთი წამია,
მოვა და უცებ გაქრება.
ხალხნო!გახსოვდეთ ყველანი
ვართ ერთი მიწის შვილები.
არავინ არის უკვდავი,
გარდა უფალი ღმერთისა,
რომელმაც მოგვცა სიციცხლე
და დაგვაკისრა ვალია.
სიცოცხლისათვის არსება
მთელი ცხოვრება ტანჯულობს,
ქვეყნად სიცოცხლე ლამაზი,
ზოგჯერ რთული და ბნელია.

IX კლასის მოსწავლე 14 წლის კაცაძე ეთუნა

Комментариев нет:

Отправить комментарий